ცაგარეიშვილი სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების გასაიდუმლოების მიზეზის განმარტებას ითხოვს
ცაგარეიშვილი სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების გასაიდუმლოების მიზეზის განმარტებას ითხოვს
16:03 23.07.2012
ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის“ წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ხელისუფლებისგან სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილ თანხებზე გრიფი „საიდუმლო“–ს დადების მიზეზის განმარტებას ითხოვს.

როგორც დღეს პრესკონფერენციაზე ცაგარეიშვილმა აღნიშნა, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან წლის პირველ კვარტალში 38 მილიონი ლარია გახარჯული, თუმცა, რას მოხმარდა აღნიშნული თანხა არსად არ არის მითითებული.

რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს, დეპუტატის თქმით, 4 თვეში 2 მლნ 131 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა, სად არის დარჩენილი თანხა ჯერ უცნობია.

„ეს თანხები სააკაშვილის პირად ჯიბედ გადაიქცა, სადაც ხელს აფათურებს და გასასახადების გადამხდელებს მილიონებს აცლის“ - აღნიშნა დეპუტატმა.

ამასთან, ცაგარეიშვილმა „საქართველოს რეგიონების განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან “ გამოყოფილ თანხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფონდიდადნ გამოყოფილ თანხებს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.

„ამ ფონდიდან მთავრობის კანცელარიას 2012 წლის დასაწისშივე 1 მილიონი ლარი გამოეყო და მას გრიფი „საიდუმლო“ ადევს. ასევე, საიდუმლოა თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილ 5 მილიონსაც“ – აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე თქმით, ამავე ფონდიდან ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმე ტრანში გამოეყო, ერთ-ერთი სოფელ განმუხურში წყლის პარკისა და ატრაქციონის მოწყობაზე მიიმართა.

ამასთან, დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლების მიერ უკანონოდ გაფლანგულ სარეზერვო ფონდებში თანხები აღარ არის, რის გამოც სტიქიის შედეგად მიყნებეული ზარალის ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა გახდა აუცილებელი.

დღესვე, დეპუტატმა სარეზერვო ფონდების ხარჯვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოითხოვა.


ბეჭდვა