პარლამენტის ბიურომ 3-5 ოქტომბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა
პარლამენტის ბიურომ 3-5 ოქტომბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა
17:45 24.09.2018
პარლამენტის ბიუროს წევრებმა, 3-5 ოქტომბრის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

პირველი, მეორე და მესამე მოსმენით განსახილველ კანონპროექტებთან ერთად პარლამენტი კომიტეტების მიერ წარდგენილ წლიური საქმიანობის ანგარიშებს მოისმენს.

ბიურომ, ასევე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა, რომელთა განხილვაც მიმდინარე კვირიდან კომიტეტებში დაიწყება.

ბიურომ საორგანიზაციო საკითხებიც განიხილა. მათ შორის კომიტეტების მიმართვა გარკვეული კანონპროექტების განხილვის ვადების გაგრძელების თაობაზე.

სხდომის დასასრულს, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ „ომეგა“ ჯგუფთან დაკავშირებით ახალი ჩანაწერების გავრცელების თაობაზე გააკეთა განცხადება და საკითხთან მიმართებაში საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციით დაინტერესდა.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი დაინტერესებულია საკითხის ობიექტური შესწავლით.

მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი საეჭვოდ ემთხვევა საარჩევნო პროცესებს.

„ეს საარჩევნო კამპანია წარიმართება ძალიან მძიმედ, იმ სტილში, რა სტილიც ჩვენ გვახსოვს, განსაკუთრებით, 2012 წლიდან. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, ესეც ვისი სტილია, კარგად გვახსოვს. მუდმივად ვრცელდება ორ-ორი ადამიანის ჩანაწერი, რომელთაგან არცერთს არ აქვს კავშირი პარტია „ქართულ ოცნებასთან“ და ეს იწვევს, რა თქმა უნდა პარტიის დისკრედიტაციას. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებშია, რომ შესწავლილი იყოს ეს საკითხი, და ყველაფერს მოეფინოს ნათელი. ვისი სტილიც არის, ეს ვიცით და საეჭვოდ ემთხვევა ეს ყველაფერი საარჩევნო პროცესებს. კიდევ ერთხელ, ორ-ორი კაცი, გაუგებარია, რატომ, როგორ, ახსენებს „ქართულ ოცნებას“, ახდენს დისკრედიტაციას, აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებშია, რომ იმ ძალებს, რომლებიც მიჩვეულნი არიან ასეთ რაღაცეებს, გაეცეს პასუხი გამოძიების მხრიდან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.



ბეჭდვა