საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ
ბიუჯეტიდან ჯამში 162 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.
როგორც მელიქიშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, პროექტში ცალკე მუხლად 50 მლნ იქნება აღნიშნული, რომელიც სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციებს, სურსათის უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელებას, ასევე, სახურავების გადახურვას და ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.
„კახეთის გარდა, თანხა სამცხე-ჯავახეთს და თიანეთს მოხმარდება. 50 მილიონი გადაუდებელ და მოკლევადიანი პროექტების განხორციელებას სჭირდება“ – აღნიშნავს მელიქიშვილი.
მისივე თქმით, ამასთან, კახეთის განვითარების პროგრამის დაფინანსების გაზრდა იგეგმება.
„ჯამში სულ 162 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა“ – აღნიშნავს ზურაბ მელიქიშვილი.
საბიუჯეტო ცვლილებებს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე 25 ივლისს დაამტკიცებს.
