საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე
პარლამენტის შენობიდან გასვლას არ აპირებს.
ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე ფრაქციის წევრმა, დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა და პარლამენტის დაცლის საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის აპარატი კონსტიტუციისა და რეგლამენტის დარღვევაში დაანაშაულა.
„ჩვენი ფრაქცია სანამ პარლამენტს უფლებამოსილება არ ამოეწურება, პარლამენტის შენობას არ დაცლის და საკუთარი უფლებამოსილების შესრულებაზე, მათ შორის მოქალაქეების მიღებაზე უარს არ იტყვის“ – აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს საკუთარი ოთახებიდან ავეჯი და ტექნიკა ღამით, მალულად სატვირთო მანქანებით გააქვთ, რომლის ღირებულებაც 10 ათას ლარამდეა.
ამასთან, ცაგარეიშვილის ინფორმაციით, მისი ფრაქციის აპარატს 20 ივლისს შეატყობინეს, რომ 18:00 საათამდე ოთახები უკვე დაცლილი უნდა ჰქონოდათ.
პარლამენტის C კორპუსის დაცლის პროცესი გასულ კვირაში დაიწყო.
