წლევანდელი არჩევნები საქართველოში ყველაზე თავისუფალი, ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე დემოკრატიული უნდა იყოს.
აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს პრინციპის საკითხია.
"ამისთვის ვიწვევთ ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს წინასწარ არჩევნების დაკვირვებისთვის. ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი ყველაფერთან ერთად. რა თქმა უნდა, ჩვენ მტერს არ სძინავს და ის შეეცდება, ყველანაირად დაამახინჯოს ეს პროცესი, ამიტომ, რაც უფრო მეტი დამოუკიდებელი და ობიექტური დამკვიდრებელი იქნება, სიმართლე მეტად იპოვის თავის გზას", - განაცხადა სააკაშვილმა.
მან სიტყვით გამოსვლაში პოლიტიკური კამპანიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური პროცესების მაქსიმალური სამართლიანობისთვის უნდა იქნეს უზრუნველყოფილი.
მისი თქმით, საარჩევნო კამპანია სამართლიანი არჩევნების წესებს უნდა დაეფუძნოს და საარჩევნო პროცესი ისე უნდა ჩატარდეს, რომ, საინვესტიციო გარემო და ეკონომიკა არ დაზარალდეს.
