დავით დონდუა: საქართველოს ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია
დავით დონდუა: საქართველოს ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია
19:53 21.09.2018
„ნატოში გაწევრიანება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტია, რაც მხარდაჭერილია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ. ნატოში გაწევრიანების მიზანი ასევე ასახულია საქართველოს ახალი კონსტიტუციის რედაქციაში. დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და რომ საქართველო- ნატო-ს ურთიერთობები დინამიურად ვითარდება,“- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, როუზ გიოტმიოლერთან გამართულიშეხვედრის შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.


დავით დონდუამ ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკასა და ბრიუსელის სამიტის შედეგებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ2018 წლის ივლისში გამართულ ბრიუსელის სამიტზე ნატო - საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში პირველად, საქართველოს საკითხზე გაიმართა შეხვედრა მოკავშირეებთან სახელწიფოს მეთაურების დონეზე და საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი შედეგები „შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივის“ განმტკიცების კუთხით. ასევე, ბრუსელის სამიტზე მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზე კონტრმობილურობის, უსაფრთხო კომუნიკაციის და კიბერთავდაცვის მიმართულებებით.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იქნა აღნიშნული, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო-ში გასაწევრიანებლად და კიდევ ერთხელ დადასტურდა ალიანსის ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი:

„აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო-ში გასაწევრიანებლად და რომ საქართველო ამას აქტიურად იყენებს. ამ კუთხით, განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში მიღწეული წარმატება და ალიანსის ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებისადმი, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, როგორც რეფორმების განხორციელების, ისე ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით.“ განაცხადა დავით დონდუამ.


მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის და მადლიერება გამოხატა ალიანსისა და მოკავშირეებისადმი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ბეჭდვა