დავით დარჩიაშვილი – ივანიშვილს სახელმწიფოსთვის თანხის შეწირვაში ხელს არავინ შეუშლის
დავით დარჩიაშვილი – ივანიშვილს სახელმწიფოსთვის თანხის შეწირვაში ხელს არავინ შეუშლის
14:56 23.07.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოსთვის თანხის შეწირვაში ხელს არავინ  შეუშლის - ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის მხრიდან მიუღებელია სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარების თემით სპეკულირება.

„ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს ჯარიმების სისტემა და ის ჯარიმა სად წავა, ამას სახელმწიფო და მთავრობა გადაწყვეტს. რაც შეეხება მისი მხრიდან სახელმწიფოსთვის თანხის გადარიცხვის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, ეს მისი ნებაა, ხელს არავინ შეუშლის და ამას არც კანონი კრძალავს“ – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

ამასთან, მმართველი პარტიის წევრის განმარტებით, თუ ივანიშვილი ბიუჯეტში ჯარიმასაც გადარიცხავს და დამატებით ფულსაც ჩადებს, მას ალბათ, კონსულტაციების გავლა სტიქიის ზარალის სალიკვიდაციოდ შექმნილ შტაბთან დასჭირდება.

ამასთან, დარჩიაშვილს ივანიშვილის დაპირებების არ სჯერა და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადება მხოლოდ წინსაარჩევნო პერიოდს უკავშირდება და რეალურად არაფრის ჩარიცხვას არ აპირებს.

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იგი კახეთში სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად საბიუჯეტო ანგარიშზე 10 მილიონს ჩარიცხავს და მზად არის დამტებით გადარიცხოს კიდევ იმ რაოდენების ფულადი სახსრები, რაც მოსახლეობის დასახმარებლად იქნება საჭირო.

ბეჭდვა