პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის
შემსრულებელს, კიმ სე ვუნგს შეხვდა.
პრალამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყანას შორის არსებულ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებზე და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქმიანი შეხვედრა გაიმართა. კორეის რესპუბლიკასთან, საპარლამენტო დონეზე, ბოლო პერიოდის განმავლობაში ურთიერთობები განსაკუთრებით აქტიურად ვითარდება. აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პარლამენტის კორეის რესპუბლიკასთან მეგობრობის ჯგუფი სეულს ეწვია და მაღალი დონის შეხვედრები გამართა, რამაც კიდევ უფრო მეტი მუხტი მისცა იმ დაწყებულ ურთიერთობებს, რომელიც ძალიან კარგად ვითარდება ორი ქვეყნის საკანონმდებლო უწყებებს შორის. მე, პირადად, მქონდა გაცნობითი შეხვედრა, ჯერ კიდევ მარტში, ჟენევაში ყოფნის დროს, კორეის პარლამენტის გენერალურ მდივანთან, სუნ გო კინგთან და ასევე, სულ რამდენიმე ხნის წინ, საქართველოში კორეის რესპუბლიკის წინა ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან კიმ ინ ჰანთან“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა.
გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ თანამშრომლობის გარკვეულ მიმართულებებზე საუბარი დაწყებული იყო, რაც საპარლამენტო დელეგაციის კორეაში ვიზიტისა და დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო გამყარდა და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით კონკრეტული გეგმები დაისახა.
პარლამენტის აპარატის უფროსმა სტუმარს ის პროცესები გააცნო, რაც უახლოეს პერიოდში კონსტიტუციის ახალი რედაქციისა და მასთან ჰარმონიზებული კანონმდებლობის ძალაში შესვლის შემდეგ პარლამენტში განხორციელდება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო პარლამენტის გაზრდილ როლს მთავრობის მიმართ კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელების კუთხით. ასევე აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საკითხების ხშირი კოორდინაცია და ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება არა მხოლოდ პარლამენტის წევრებს შორის, არამედ აპარატის დონეზეც.
„კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ძალიან დიდი მოლოდინია 2019 წელს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც დაგეგმვის სტადიაშია. გამოითქვა ინტერესი, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე მოხდეს პარლამენტების აპარატებს შორისაც გარკვეულ საკითხებზე კომუნიკაცია. აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკა ის ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს პარლამენტს გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი როგორც პარლამენტების დონეზე, ასევე პარლამენტების აპარატების დონეზეც“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
პარლამენტის აპარატის უფროსმა კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ემზადება აპარატი პარლამენტის გაზრდილი ფუნქციების ხელშესაწყობად. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კვლევითი ცენტრის რეორგანიზაციაზე და საგანმანათლებლო კომპონენტზე, რაც პარლამენტის სასაწავლო ცენტრის გაძლიერებას მოიაზრებს.
„ორივე მიმართულება მოწონებული იქნა ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მიერ და აღინიშნა, რომ ეს პროცესები კიდევ უფრო გააძლიერებს პარლამენტის საქმიანობას. ჩვენ კიმ სე ვუნგს ამ პროცესებში ხელშეწყობის თხოვნით მივმართეთ, რაც გულისხმობს ტექნიკური აღჭურვისა და სპეციფიური მეთოდური ბიბლიოთეკის შექმნის კუთხით მხარდაჭერას სასწავლო ცენტრისთვის, ასევე სტამბის აპარატურის შეძენას, ან შეძენილი აპარატურის გადმოცემას საჩუქრად იმისთვის, რომ პარლამენტის აპარატში შექმნილი სტამბა, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ნაწილობრივ ფუნქციონირებს კომპიუტერული ლაბორატორიის ფარგლებში, სრულად აღიჭურვოს აპარატურით და მცირე სტამბის ფორმატში შესაძლებელი გახდეს პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშების, სხვადასხვა საბჭოების თუ კომიტეტების ანგარიშების, ასევე კვლევების შედეგად მიღებული მასალების გამოცემა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ქართულ მხარეს მაქსიმალური მხარდაჭერა და ჩართულობა აღუთქვა და გამოხატა სრული მხარდაჭერა პარლამენტში და კერძოდ, აპარატში მიმდინარე პროცესების მიმართ.
