საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ყოველწლიურ
მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ვიცე-პრემიერის აპარატიდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრებიან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი და ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულე, ასევე, ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები.
შეხვედრაზე მონაწილე მხარეები ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს მიმოიხილავენ, ასევე, დაგეგმილია ა.წ. 15 მაისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ე.წ. „საგზაო რუქის“ მიღება, რომელშიც დეტალურადაა მოცემული ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტები, მათი შესრულების ღონისძიებები, ინდიკატორები და მოსალოდნელი შედეგები.
