უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სესია 25 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ დღეს, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის
თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
„ბიუროს დღევანდელი რიგგარეშე სხდომა საქართველოს რამდენიმე რეგიონში მომხდარ სტიქიურ უბედურებას უკავშირდება. როგორც იცით, ყველაზე მეტად კახეთის რეგიონი დაზარალდა, ამიტომ, პირველ ეტაპზე სახლების აღდგენა–გადახურვა, ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების აღდგენა და სურსათით დახმარებაა აუცილებელი. ამის შემდეგ, რეგიონის გრძელვადიანი რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს, რათა მოსახლეობას მიყენებული ზარალი აუნაზღაურდეს“ – აღნიშნა ბაქრაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია პარლამენტმა საბიუჯეტო ცვლილებები დროულად დაამტკიცოს, რათა მთავრობას სრულფასოვანი მუშაობის საშუალება მიეცეს.
ამასთან, ბაქრაძემ შესაბამის კომიტეტებსა და ფრაქციებს დაავალა -მთავრობის საპარლამენტო მდივანთან გია ხუროშვილთან გაიარონ კონსულტაციები და საკითხის განსახილველად შესაბამისი გრაფიკი შეიმუშაონ.
„კომიტეტებში და ფრაქციებში დღეს და ხვალ უნდა მოხდეს საბიუჯეტო ცვლილებების განხილვა, ხოლო 25 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დამტკიცდეს. სესია 12:00 საათზე დაიწყება“ – განაცხადა ბაქრაძემ.
პარლამენტის სპიკერის თქმით, თუ საჭირო იქნება სესიის დაწყებამდე, შესაძლოა, ბიუროს კიდევ ერთი სხდომა გაიმართოს.
რიგგარეშე სხდომის ჩატარების თხოვნით პრეზიდენტმა მიმართა პარლამენტს, სადაც სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ ბიუჯეტში ცვლილებები უნდა დამტკიცდეს.
