სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რიცხვს წელს 300 000-მდე მოქალაქე დაემატება. ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წელი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გარდამტეხ წლად ცხადდება, როცა ყოველი მეორე ქართველი დაზღვეული იქნება.
"ჩვენი მთავარი ამოცანაა გაიზარდოს იმ ადამიანთა რიცხვი, ვისთვისაც ჯანდაცვა არის ხელმისაწვდომი. ჯერაც ბევრი ქართველისთვის ჯანდაცვა იმ ფუფუნებად ითვლება, რომელსაც მისი საფულე ვერ წვდება. ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტი არის ჯანმრთელობის დაზღვევა, ამიტომ ჩვენი ამოცანაა დაზღვეული მოქალაქეების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა. 2006 წელს საქართველოში სამედიცინო დაზღვევა 40 000-ზე ნაკლებ ადამიანს ჰქონდა. ამ პერიოდთან შედარებით, 2012 წელს ქვეყანაში დაზღვეული ყოველი მეორე მოქალაქე იქნება. ეს არის თითქმის 2,5 მილიონი ადამიანი", - აღნიშნა მან.
მისი თქმით, შეიქმნება 100 აშშ დოლარიანი საპენსიო პაკეტი, რომელშიც შევა ყველაზე მნიშვნელოვანი, ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხი. შედეგად, სექტემბრიდან ყველა ასაკით პენსიონერის ჯანმრთელობა დაზღვეული იქნება. თუ მაგალითად, პენსიონერს ქიმიოთერაპიის საჭიროების შემთხვევაში 500 ლარზე მეტს არ უფინანსებდა სადაზღვევო პაკეტი, ის 12 000 ლარამდე გაიზრდება. 60 წელს გადაცილებულებისთვის დაზღვევის ხარჯებით დაიფარება კატარაქტისა და სხვა გეგმიური ოპერაციები. პენსიონრებისთვის ინტენსიური თერაპიის მომსახურება სექტემბრიდან ულიმიტო გახდება.
