საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ვარშავაში საქართველოს
ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ღონისძიება -„Human Rights of Conflict Affected Population in Georgia“- გაიმართა.
ღონისძიებაზე, რომელიც ვარშავაში მიმდინარე ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილებაში ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა, მონაწილეებს პრეზენტაცია წარუდგინეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელმა ნატალია ჯალიაშვილმა და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა ლევან მესხორაძემ. გამომსვლელებმა მონაწილეებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია კონფლიქტისგან დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობისა და საერთაშორისო მონიტორინგის მისიების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის პრობლემატიკის შესახებ.
პრეზენტაციების დროს აქცენტი გაკეთდა ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების მიმართ, საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან დისკრიმინაციულ მიდგომაზე, ეთნიკური ნიშნით ქართველების უფლებების სისტემატიურ დარღვევებზე. ასევე იქნა მოყვანილ სიცოცხლის უფლების ხელყოფის კონკრეტული მაგალითები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტები. ხაზგასმით აღინიშნა, მკვლელობებში ბრალდებული კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობა. ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მწვავე ვითარებასთან დაკავშირებით, აქცენტი გაკეთდა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს, ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის პასუხისმგებლობის საკითხზე და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობაზე.
მომხსენებლებმა ასევე ვრცლად ისაუბრეს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე "ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ" და იმ კონკრეტულ მექანიზმებზე, რომელსაც ხსენებული ინიციატივა შეიცავს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებისათვის.
ქართული მხარის ორგანიზებულ პარალელურ ღონისძიებას თანასპონსორობა გაუწიეს ეუთო-ში დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, კანადის, შვედეთის, ლიტვის, ლატვიის, უკრაინის, ჩეხეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, ესტონეთის და პოლონეთის მუდმივმა წარმომადგენლებმა.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილებაში ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრა (HDIM) ვარშავაში 10-21 სექტემბერს მიმდინარეობს და მასში მონაწილეობენ ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების დელეგაციების, სამოქალაქო სექტორის, ეუთო-ს ინსტიტუტებისა და აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები.
