საფრანგეთის საგარეო უწყება ივანიშვილის პარტნიორი კომპანიის თანამშრომლების საქართველოში არ შეშვების საკითხით დაინტერესდა
საფრანგეთის საგარეო უწყება ივანიშვილის პარტნიორი კომპანიის თანამშრომლების საქართველოში არ შეშვების საკითხით დაინტერესდა
12:32 23.07.2012
კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მიმართა.
სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ჟულიენ პოპერი საქართველოს საზღვარზე საფრანგეთის მოქალაქების უკან გაბრუნების საკითხით დაინტერესდა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, უსაფრთხოების საკითხებში „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის კონსულტანტი კომპანიის თანამშრომლების დეპორტირების საკითხი საერთაშორისო ყურადღების საგანი გახდა.
მისი თქმით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კოალიციას ოფიციალური წერილით 20 ივლისს მიმართა და საქმის დეტალების გაცნობა მოითხოვა.
„გვითხრა, რომ იგი აპირებს საფრანგეთის მოქალაქეებისადმი განხორციელებული ქმედების უფრო დეტალურად გამოძიებას და შესაბამის რეაგირებას. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩვენს მიერ გაეგზავნა ყველა ინფორმაცია, რაც ჩვენთვის იყო ცნობილი და თანამშრომლობაზე შევთანხმდით“- განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ საქმე ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების საკითხებს ეხება და ამდენად, იგი მნიშვნელოვანია.
ივანიშვილის კონსულტანტებს უსაფრთხოების სფეროში საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს.
ფანჯიკიძის განმარტებით, ივანიშვილი 2 წელია უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთ ფრანგულ კომპანიასთან თანამშრომლობს, რომლის კონსულტანტები საქართველოში ხშირად ჩამოდიან.

როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, რამდენიმე კვირის წინ საქართველოში კომპანიის გენერალური დირექტორი ჩამოვიდა, თუმცა, ის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს.

მისივე ცნობით, 18 ივლისს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს კომპანიის ტექნიკურ დირექტორს, უკან გააბრუნეს და ურჩიეს, განმარტებებისთვის საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთვის მიემართა.

ბეჭდვა