ეკა ბესელია: პროკურატურა იქნება სრულიად დამოუკიდებელი, როგორც აღმასრულებელი ასევე სასამართლო ხელისუფლებისგან
ეკა ბესელია: პროკურატურა იქნება სრულიად დამოუკიდებელი, როგორც აღმასრულებელი ასევე სასამართლო ხელისუფლებისგან
18:20 18.09.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პროკურატურა სრულად დამოუკიდებელი იქნება, როგორც აღმასრულებელი, ისე სასამართლო ხელისუფლებისგან.

ეს განცხადება მან „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის(EMC)“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - „პროკურატურის რეფორმა საკონსტიტუციო ცვლილებების შუქზე“ გააკეთა.

„ახლა გვაქვს მოცემულობა, როდესაც კონსტიტუციური ცვლილებებით საკმაოდ თამამი და გაბედული გადაწყვეტილება მივიღეთ და ვთქვით, რომ პროკურატურა იყოს სრულიად დამოუკიდებელი. პროკურატურა არ იქნება ხელისუფლების არც ერთი შტოს ნაწილი, ის იქნება სრულიად დამოუკიდებელი, სრულიად დისტანცირებული როგორც აღმასრულებელი ასევე, სასამართლო ხელისუფლებისგან“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე განმარტებით, განხორცილებული ინსტიტუციური ცვლილებით პროკურატურა სრულიად დამოუკიდებელი და თავისუფალი იქნება პოლიტიკური გავლენისგან.

ეკა ბესელიას განცხადებით, პროკურატურის შესახებ კანონში და ასევე, პარლამენტის რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნების დასულებამდე უნდა შევიდეს.

პარლმენტის რეგლამენტის ცვლილებებით გაწერილი იქნება პროკურატურის საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, ხოლო პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში - საპროკურორო საბჭოს საქმიანობა, არჩევის წესი და შემადგენლობა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შესაბამისი კანონპროექტების ინიცირება უახლოეს დღეებში მოხდება, რის შემდეგაც დაიწყება მათზე ღია დისკუსია.

ეკა ბესელიამ არასამთავრობო ორგანიზაციების და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
„თქვენი ძალისხმევა და აქტიური მონაწილეობა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, დამხმარე და ხელშემწყობი ფაქტორია გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის იმიტომ, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავეცნოთ და გავაანალიზოთ განსხვავებული მოსაზრებები და ხედვები“,-აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კონფერენციაზე მსჯელობა გაიმართა პროკურატურის რეფორმის მიზნებსა და გამოწვევებზე, კერძოდ: პროკურატურის სისტემის მართვაზე და კოლეგიური ორგანოს როლზე; მთავარი პროკურორის შერჩევა/დანიშვნაზე და პროკურატურის ანგარიშვალდებულების საკითხზე.

ძირითად საერთაშორისო სტანდარტებზე და სხვა ქვეყნების გამოცდილებებზე ისაუბრა დანიის საჯარო პროკურატურის დირექტორის უფროსმა მრჩეველმა, რასმუს ვანდალმა.



ბეჭდვა