დაზღვეულთა ინტერესების დასაცავად ახალი მექანიზმი შეიქმნება
დაზღვეულთა ინტერესების დასაცავად ახალი მექანიზმი შეიქმნება
21:31 28.02.2012
დაზღვეული მოქალაქეეების ინტერესების დასაცავად ახალი მექანიზმი შეიქმნება.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ერთის მხრივ მკაცრდება სამედიცინო დაწესებულების მიმართ საჯარიმო სანქციები, იმ შემთხვევებისთვის როდესაც მათი დანაშაულით დაზარალდება პაციენტების ინტერესები. მეორეს მხრივ კი - იქმნება თამაშის ახალ წესები, რომლითაც სადაზღვევო კომპანიები ვალდებული იქნებიან დაზღვეული მოქალაქეების ინტერესები დაიცვან და არ მოატყუონ ისინი.
"ამ სფეროში პრობლემები ჯერაც ბევრია. არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები უსამართლობას აწყდებიან დაზღვევის პროდუქტის შეთავაზებისას, ხშირად არაკეთილსინდისიერი მანიპულირების შედეგად, დაზღვეულმა მოქალაქემ რეალურად არ იცის რა ეკუთვნის და რა არა, რას დაფარავს დაზღვევა და რას არა. შეიძლება იცის, მაგრამ ყველაზე კრიტიკულ მომენტში აღმოაჩენს, რომ თურმე სცდებოდა", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ახალი წესის შესაბამისად, მოქალაქეს აღარ უნდა გაუჩნდეს უსამართლობის და დაუცველობის განცდა. მისთვის შეთავაზებული პირობები ცხადად უნდა განსაზღვრავდეს თუ რა ანაზღაურდება დაზღვევით და რა გამონაკლისები არსებობს.
ამასთან, პრეზიდენტმა საავადმყოფოებში ხელფასების დროულად გაცემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არც ერთ შემთხვევაში კლინიკაში პერსონალს ხელფასი არ უნდა დაუგვიანდეს.
მისი თქმით, სადაზღვევო კუთხით, სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, თუნდაც, სახელმწიფოს ზედამხედველობით ყველა არსებული სირთულე უნდა აღმოიფხვრას.
"სადაზღვევო კომპანიებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ჩვენ იმიტომ არ ვაფართოებთ დაზღვეული ადამიანების წრეს რომ შემდეგ ამ ადამიანებმა მოტყუებულად და მიტოვებულად იგრძნონ თავი, ამას არ დავუშვებთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ბეჭდვა