დავით დონდუა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, დანიილ ხოშაბოს შეხვდა
დავით დონდუა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, დანიილ ხოშაბოს შეხვდა
20:47 17.09.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, დანიილ ხოშაბოსა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა.

ევროპის საბჭოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-18 კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება.

მინისტრის მოადგილემ ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ მიმდინარე დისკრიმინაციასა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, ასევე საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების აღმართვისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის უკანონო პრაქტიკაზე. ვრცლად იქნა განხილული გალისა და ახალგორის რაიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობა. აქცენტი გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე და აღინიშნა მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა.

დავით დონდუა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს ვრცლად ესაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდების დინამიკაზე. მან შეშფოთება გამოხატა რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც ძირს უთხრის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებს ისევე, როგორც მთლიანად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის საქმეში.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ევროპის საბჭოს აქტიური ჩართულობისთვის საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში.
ბეჭდვა