ივანიშვილი მიიჩნევს, რომ კახეთის რეგიონში ზარალი გაცილებით მეტია, ვიდრე ხელისუფლება აცხადებს
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ კახეთის რეგიონში ზარალი გაცილებით მეტია, ვიდრე ხელისუფლება აცხადებს
11:47 23.07.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ კახეთის რეგიონში ზარალი გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რასაც ხელისუფლება აცხადებს.
ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
ფანჯიკიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერი კახეთის მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად, გუშინ თელავის, გურჯაანისა და ლაგოდეხის, ასევე, ათამდე სოფლის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
„ბიძინა ივანიშვილი გუშინ სტიქიით დაზარალებულ რეგიონს სტუმრობდა, რათა თავისი თვალით ენახა ზარალი. ის სტიქიის შედეგებით შეძრწუნებულია. მოსახლეობასთან შეხვედრისას ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მზად არის, რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სრულად დასაფარად იმ ერთადერთი კანონიერი გზით, რომელიც არსებობს - ეს არის სრულიად უკანონო ჯარიმების გადახდით ბიუჯეტში ფულის შეტანა“ - განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ კოალიციის ლიდერი ამით ცდილობს ხალხს შეატყობინოს, რომ ბიუჯეტში თანხა არის, რათა ხელისუფლებამ მოსახლეობის მოტყუება ვერ შეძლოს.
ამასთან, ფანჯიკიძის თქმით, მოსახლეობასთან საუბრისას, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების შეთავაზება მოსახლეობისთვის კრედიტების ერთი წლით გადავადებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის და საჭიროა მათი რამდენიმე წლით გადადება.
მისივე განცხადებით, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ 1 კგ. ყურძნის ფასი ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს, ასევე უნდა ამოქმედდეს სადაზღვევო სისტემა, რომლის მიხედვით, გლეხი მოსავალს დააზღვევს და საშუალება ექნება არ იყოს ხელისუფლების შემყურე.
ივანიშვილი მოსახლეობას დაპირდა, რომ ეს საკითხები ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ აუცილებლად მოგვარდება.
ფანჯიკიძის განცხადებით, კოალიციის ლიდერი ზარალის ოდენობასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ ციფრს არ ენდობა და აქედან გამომდინარე, კოალიციის კახეთის შტაბი ზარალს პარალელურად დაითვლის და ამ საკითხებს მონიტორინგს გაუწევს.

ბეჭდვა