დავით ზალკალიანი: აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან რეგიონში შექმნილ სიტუაციასა და არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრებთ
დავით ზალკალიანი: აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან რეგიონში შექმნილ სიტუაციასა და არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრებთ
13:51 17.09.2018
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას საუბარი რეგიონში შექმნილ სიტუაციასა და გამოწვევებს შეეხება.

მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი გაეროს გენერალური ასამბლეის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დანიშვნიდან უაღრესად მოკლე პერიოდში ხორციელდება.

დავით ზალკალიანმა, ასევე, განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგემილია მნიშვნელოვანი შეხვედრები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, მათ შორის აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, სახელმწიფო მდივანთან, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ორმხრივი ურთიერთობის ყველა მნიშნველოვანი მიმართულება, როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, ასევე ეკონომიური მიმართულებით, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის განვითარების კუთხით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვისაუბრებთ რეგიონში შექმნილ სატურაციასა და არსებულ გამოწვევებზე.

მოგეხსენებათ, რომ აშშ აქტიურად არის ჩართული უმწვავესი გეოპოლიტიკური პროცესების მოწესრიგების საქმეში და ბუნებრივია ჩვენს როლს და ადგილსაც ვხედავთ ამ მიმართულებით. აუცილებელია, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან გვქონდეს ყველა ამ საკითხზე ძალიან ახლო კოორდინაცია და თანამშრომლობა,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანი 16-21 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან პოლიტიკურ საკითხებში დევიდ ჰეილთან და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ჯორჯ კენტთან შეხვედრებს გამართავს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის და საქართველოს დელეგაციის უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრები აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონთან და აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მაიკლ პომპეოსთან. მამუკა ბახტაძე შეხვდება აშშ-ს კონგრესის, არასამთავრობო და საექსპერტო წრეების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს. ასევე, გაიმართება შეხვედრები აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID), ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში (MCC), აშშ-ს უცხოური კერძო ინვესტიციების კორპორაციაში (OPIC), მსოფლიო ბანკსა (WB) და საერთაშორისო სავალუტო ფონდში (IMF).



ბეჭდვა