მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქისა და ეკლესიის თანადგომა სტიქიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესია
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქისა და ეკლესიის თანადგომა სტიქიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესია
10:24 23.07.2012
საქართველოს პატრიარქისა და ქართული ეკლესიის თანადგომა სტიქიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესია.
ეს განცხადება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თელავის ღვთაების საკათედრო ტაძარში გააკეთა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა.
პატრიარქმა კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას საპატრიარქოს დახმარება გადასცა.
„კახეთის მოსახლეობისთვის უწმინდესის ჩამობრძანება ძალიან დიდი ნუგეშია. დღეს მთელი საქართველო ფეხზე დგას. დღეს მთავარია ხალხს არ მოვაკლოთ თანადგომა. ჩვენ პასუხისმგებლობა კარგად გვაქვს გათავისებული. აქ ხალხი სულიერად ამაღლებული და ძლიერია. თქვენო უწმინდესობავ, ეკლესიის ლოცვა კურთხევით, მეუფეების ძალიან დიდი თანადგომით, ამ გასაჭირსაც ყველა ერთად გადავიტანთ. კახეთს უარესი გასაჭირიც უნახავს ხშირად, თუმცა, ასეთი სტიქია დიდი ხანია არ ყოფილა, ამიტომ, იყო ასეთი რეაქცია ჩვენი მხრიდან" - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი თელავის საკათედრო ტაძრის შემდეგ, პატრიარქთან ერთად, ალავერდის მონასტერს ეწვია. პატრიარქმა ქვეყნის პირველ პირს ალავერდის მონასტრის მარანი დაათვალიერებინა და ღვინის დამზადების ტექნოლოგია გააცნო.
გუშინ საღამოს პრეზიდენტმა თელავში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა.
იგი რამდენიმე სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც დაესწრო და იქ დასაქმებულებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

ბეჭდვა