მიმდინარე კვირას პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ
საჭირო თანხების გამოყოფის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა სავარაუდოდ, 24 ივლისს ჩატარდება, მანამდე კი, რეგლამენტის თანახმად, საბიუჯეტო ცვლილებები ბიუროს სხდომაზე უნდა დარეგისტრირდეს.
რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის თქმით, კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მთავრობისგან ფულად კომპენსაციას კატეგორიების მიხედვით მიიღებს.
დაზარალებულები სამ კატეგორიად დაიყოფიან. პირველ კატეგორიაში მოხვდება ის მოსახლეობა, ვისაც სახლები დაუზიანდა და მოსავალი 100%-ით გაუნადგურდა. მათ 1 300-1 500 ლარამდე კომპენსაცია გადაეცემათ.
მეორე კატეგორიაში შევიდა მოსახლეობა, რომლებსაც ნათესების 80% გაუნადგურდა და რომლებიც კომპენსაციის სახით 800-900 ლარს მიიღებენ, მესამე კატეგორიაზე კი, 300-500 ლარი გაიცემა, აღნიშნულ კატეგორიაში ისინი შედიან, რომლებმაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 50% დაკარგეს.
