ფინანასთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ლარიზაციის ფარგლებში მომზადებული
ინიციატიცის მიხედვით, ლარში გასაცემი სესხების ზღვარი 200 ათას ლარამდე გაიზარდა.
მისი განცხადებით, შესაბამის ცვლილებას სამოქალაქო კოდექსში მომზადებული ცვლილების პროექტი ითვალისწინებს.
„ლარში გასაცემი სესხების ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდა, ლარიზაციის ფარგლებში მომზადებული ინიციატივაა.
200 ათას ლარამდე საბანკო კრედიტი, განვადება თუ სხვა სასესხო პროდუქტი ეროვნულ ვალუტაში, ლარში უნდა გაიცემოდეს. აქამდე, ეს მაქსიმალური ზღვარი 100 ათას ლარამდე იყო და მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდებოდა. ცვლილებებით კი, ზღვარს 100 ათასი ლარიდან 200 ათას ლარამდე ვზრდით, ასევე ვაფართოებთ არეალს, ვისზეც გავრცელდება. შემოგვყავს იურიდიული პირები და პროდუქტების ნაწილში ლიზინგი, როგორც სასესხო პროდუქტი ასევე იქნება ნუსხაში შეყვანილი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ ბევრ ფიზიკურ პირსა და მცირე ბიზნესს აქვს სესხები დოლარში, ხოლო შემოსავალი ლარში, რის გამოც მათ ლარის კურსის მერყეობა მძიმე ტვირთად აწვებათ. ფინანსთა მინისტრის თქმით, მთავრობის აღნიშნული ინიციატივა სწორედ ამ პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
