„გწამს, რომ სწორ გზას ვადგავართ და მუდმივი პროგრესისა და განვითარებისაკენ მივისწრაფვით”,- ამის
შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე “მსოფლიო თავდაყირა-2018“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ მაკკეინის ინსტიტუტს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და გარდაცვლილი სენატორ ჯონ მაკკეინის ოჯახსა და ამერიკელ ერს თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
„სენატორი მაკკეინი საქართველოს ერთგული მეგობარი გახლდათ. იგი წარმატებული პოლიტიკოსი და ძლიერი პიროვნება იყო. იგი იყო ის მაგალითი, რომელიც გვასწავლიდა, რომ ადამიანს ძალუძს მოახდინოს პოლიტიკური აქტივობების კომბინირება ძლიერ მორალურ პრინციპებთან. ჩვენ პატივს მივაგებთ სენატორ მაკკეინს მის მიერ გლობალურ პოლიტიკაში და ასევე ჩვენს ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო დემოკრატიული და ეკონომიკური სისტემების, ასევე, საერთაშორისო კავშირების განვითარებას ახდენს.
“ჩვენ ვახდენთ ჩვენი დემოკრატიული და ეკონომიკური სისტემების განვითარებას, ჩვენ ასევე ვახდენთ ჩვენი საერთაშორისო კავშირების განვითარებას. ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ ჩვენს პოზიციას საერთაშორისო დონეზე და მე მწამს, რომ საქართველო სწორ გზას ადგას. მიუხედავად იმ რთული სიტუაციისა რეგიონში და ასევე გლობალურ დონეზე, ჩვენ ვავითარებთ ჩვენს დემოკრატიულ სისტემას. ჩვენ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, რომელიც გახლავთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ასპექტი თავისუფალი ქვეყნის განვითარებისათვის”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია სენატორ ჯონ მაკკეინის წვლილი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.
„მე მსურს, კიდევ ერთხელ ვისაუბრო სენატორ მაკკეინზე და გავიხსენო ის, რომ იგი ილაშქრებდა იმ წამების წინააღმდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს ციხეებში 2012 წლამდე. მისი წვლილი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში უმნიშვნელოვანესია. მისმა სპეციალურმა განცხადებამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ამ მხრივ. სასამართლო სისტემა ეს არის ის ერთ-ერთი საკითხი, სადაც ყველაზე მეტი კრიტიკა გვესმის ოპოზიციისა და სხვადასხვა პირების მხრიდან, თუმცა სასამართლო სისტემაშიც მივაღწიეთ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, რაც დასტურდება იმ სტატისტიკური მონაცემებით, რომლებიც ჩვენ მივიღეთ სხვადასხვა პრაქტიკული სააგენტოებისაგან. მედიის მხრივ, ჩვენ ასევე მივაღწიეთ პროგრესს. თქვენ გახსოვთ თუ რა სიტუაცია იყო ამ მხრივ 2012 წლამდე. თავისუფალი მედია არხები სრულიად დაქვემდებარებული იყო წინა ხელისუფლებას”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას მკაფიო საგარეო პოლიტიკური ხედვა აქვს და ეს სპეციალურ საპარლამენტო რეზოლუციასა და საქართველოს კონსტიტუციაშიც აისახა. მისივე თქმით, ქართველი ამომრჩევლების 90 % მხარს პროდასავლურ პარტიებს უჭერს და ეს სხვადასხვა კვლევითა და საარჩევნო შედეგებითაც დასტურდება. „საქართველო აქვს ძალიან მკაფიო საგარეო ხედვა და ეს ხედვა აისახა სპეციალურ საპარლამენტო რეზოლუციაში, რომელიც აცხადებს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა. ეს პრიორიტეტი აისახა ჩვენთან საკონსტიტუციო დონეზეც. ახლა ჩვენ კონსტიტუციაში სპეციალური ნორმა გვაქვს, რომელიც აცხადებს, რიმ სხვადასხვა საკონსტიტუციო ორგანოებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი საქართველოს დასავლური ინტეგრაციისთვის, რაც ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის ეს გადაწყვეტილება ახლა ასახულია მთავარ კანონში. ეს არ არის მხოლოდ პრაგმატული არჩევანი, ეს გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ საქართველოს მოსახლეობის სურვილი. ეს სურვილი დამტკიცებულია საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა კვლევით და საარჩევნო შედეგებით. არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართველი ამომრჩევლების 90 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ციფრებია".- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პროდასავლური პარტიების მხარდაჭერა ქვეყანაში გაძლიერებულია, რაც ნიშნავს, რომ მუდმივი ძალისხმევით და მუშაობით დასავლური ინტეგრაციის იდეის მხარდაჭერა გაიზარდა, რაც ახალი მთავრობის მნიშვნელოვანი მიღწევაა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ მხრივ აშშ-თან თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მისი თქმით, რთულ რეგიონულ გარემოში გადარჩენა აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე, საქართველოსთვის რთული იქნებოდა.
"ჩვენთვის ძალიან რთული იქნებოდა ჩვენთვის კომპლექსურ გარემოში გადარჩენა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, სწორედ ამიტომ განსაკუთრებულად ვაფასებთ ამერიკელ მეგობრებთან თანამშრომლობას და მათ მეგობრულ განწყობას საქართველოს მიმართ. მტკიცედ მივისწრაფვით ამ თანამშრომლობისა და მეგობრობის გაძლიერებისკენ. ჩვენ კარგი თანამშრომლობა გვაქვს აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან და ყველაფერს გავაკეთებთ მის გასაძლიერებლად. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე, რაც ჩვენთვის როგორც ეკონომიკური , ისე პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრები საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. კონგრესში განიხილება საქართველოს მხარდამჭერი აქტი და ჩვენს მისამართით მხარდაჭერაა გამოთქმული აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ სხვა აქტებშიც”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავარ ეროვნულ გამოწვევად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია დაასახელა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან მკაფიო პოლიტიკის გატარება მნიშვნელოვანია.
„ჩვენი მთავარი ეროვნული გამოწვევა რუსეთს უკავშირდება და არის ჩვენი ისტორიული რეგიონების ოკუპაცია. რა თქმა უნდა, ამ მხრივ ჩვენს დასავლელ მეგობრებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ვიცით, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტა შეუძლებელია მოკლევადიან პერსპექტივაში, შეიძლება საშუალოვადიან პერსპექტივაში, თუმცა გვჯერა, რომ დასავლელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერითა და ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით საბოლოოდ ჩვენი მთავარი ეროვნული პრობლემა გადაწყდება. ახლა ჩვენ რუსეთთან მიმართებაში ვახორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელმაც ჩვენი დასავლელი მეგობრების ფართო მხარდაჭერა ჰპოვა. ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ შევძელით, მნიშვნელოვნად გაგვეუმჯობესებინა სტაბილურობისა და უსაფრთხოების სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში და ეს არის საქართველოს ახალი მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, გვაქვს რუსულ ანტიდასავლურ პროპაგანდასთან დაკავშირებული გამოწვევები. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პროპაგანდასთან საბრძოლველად, საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დაფუძნებას გეგმავს.
„გვაქვს გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება რუსულ ანტიდასავლურ პროპაგანდას. რა თქმა უნდა, ჩვენ რეაგირება უნდა მოვახდინოთ ამ გამოწვევებზე. ჩვენ ვაპირებთ სხვადასხვა საკანონმდებლო ზომას მივმართოთ ამ მხრივ სიტუაციის გასაუმჯობესებლად. რა თქმა უნდა სიტუაცია უმჯობესდება და მე ვახსენე ამ კონტექსტში არჩევნების შედეგები, თუმცა ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ და გამოვიყენოთ ახალი ინსტრუმენტები ამ მნიშვნელოვანი პრობლემის წინააღმდეგ. ბოლო დროს გვქონდა მოლაპარაკებები მოლდოველ და უკრაინელ მეგობრებთან. ჩვენ სტრატეგიული კომუნიკაციების ერთობლივი ცენტრის დაფუძნებას ვგეგმავთ, რომლის მთავარი მიზანი იქნება პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე მივმართავთ სტრატეგიული კომუნიკაციების სხვა ინსტრუმენტებს ამ გამოწვევებზე რეაგირებისთვის”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ მეზობელ ქვეყნებთან კარგი თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეზობლებთან კარგი თანამშრომლობა და ფაქტობრივად გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ყველა მეზობელ ქვეყანასთან, რა თქმა უნდა, ამ მხრივ რუსეთის ფედერაცია გამონაკლისია. გვაქვს კარგი ურთიერთობები სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან . გვაქვს მშვიდობიანი პრაგმატული ხედვა, რომლითაც შევძელით გაგვეუმჯობესებინა არა მხოლოდ ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება, არამედ წვლილი შეგვეტანა რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. ჩვენ ასევე ვმონაწილეობთ სხვადახვა მისიებში მსოფლიოში”,- განაცხადა მან.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, სწრაფი ეკონომიკური განვითარების გარეშე, ქვეყანა მეტი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება.
„ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა. ეკონომიკა ერის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. თუ გაქვს სუსტი ეკონომიკა, შენ იქნები მოწყვლადი საერთაშორისო და საშინაო დონეზე. ახლა მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 4500 დოლარია, ჩვენ ამ წელს 4800 დოლარით დავასრულებთ, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია, თუ შევადარებთ მას ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას, ის მასზე ორჯერ დაბალია. ამიტომ ჩვენ უნდა დავაჩქაროთ ეკონომიკური განვითარება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს გარშემო დიდი სახელმწიფოები ეკონომიკურ პრობლემებს განიცდიან. ასეთ სიტუაციაში საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლელი პარტნიორების მხრიდან ეკონომიკურ მხარდაჭერის უზრუნველყოფა. სწრაფი ეკონომიკური განვითარების გარეშე ჩვენ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდებით.
რა თქმა უნდა, გვაქვს ეკონომიკური განვითარების საკმაოდ ამბიციური გეგმა, თუმცა დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე ჩვენთვის რთული იქნება ამ ამბიციური მაჩვენებლების მიღწევა. ჩვენ გვჯერა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით ჩვენს მიზნებს მივაღწევთ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
