საქართველოში საირიგაციო სისტემის განვითარების პროგრამა განხორციელდება
საქართველოში საირიგაციო სისტემის განვითარების პროგრამა განხორციელდება
21:04 28.02.2012
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში საქართველოს ერთიანი საირიგაციო სისტემის განვითარების პროგრამა წარადგინა.
მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში გასარწყავდება 18 000 ჰექტარი ფართობი, ხოლო 3 800 ჰა -ზე სადრენაჟე სისტემის სრული რეაბილიტაცია მოხდება.
"წარმატებულ ფერმერთა წრის გაფართოებას ხელს უშლის დღეს არსებული მექანიზაციის არასაკმარისი მასშტაბი, ამიტომ 2012 წელს გაიხსნება მექანიზაციის 12 ახალი ცენტრი, რომელთა ძირითადი მიზანი იქნება სოფლის მეურნეობის მომსახურება", - განაცხადა მან.
სააკაშვილი განმარტავს, ამიტომ უახლოესი 3 წლის განმავლობაში საქართველო რამდენიმე ასეულ ახალ ტრაქტორს და 400 მისაბმელ აგრეგატს იყიდის. ყველა ცენტრი ჯამში აღჭურვილი იქნება 503 ერთეული ტრაქტორით, 50 ერთეული კომბაინით და რამდენიმე ათასი აგრეგატით.
ამასთან, მექანიზაციის ცენტრს მიენიჭება მოსავლიანობის ცენტრების ფუნქცია. ცენტრში ნებისმიერი ფერმერი შეძლებს მიიღოს მექანიზატორის კონსულტაცია-დახმარება, ისარგებლოს სპეციალური ლაბორატორიის მომსახურებით. ცენტრებში დამონტაჟდება ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები და აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების სასწავლო ინფრასტრუქტურით.

ბეჭდვა