დავით ზალკალიანი: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. აღიარების გამო სირიის მიმართ დამატებითი ფინანსური შეზღუდვების დაწესება მხარდაჭერის მტკიცე პოლიტიკური გზავნილია
დავით ზალკალიანი: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. აღიარების გამო სირიის მიმართ დამატებითი ფინანსური შეზღუდვების დაწესება მხარდაჭერის მტკიცე პოლიტიკური გზავნილია
09:54 07.09.2018
„მსურს განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ და გამოვეხმაურო  გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სირიის რეჟიმი შეყვანილი იქნა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც ვერ მიიღებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ე.წ. აღიარების გამო ფინანსურ მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ეს არის გამოძახილი იმ ჩანაწერისა, რომელიც განხორციელდა აშშ-ის ასიგნებათა აქტში და აღნიშნული მხარდაჭერა გამოხატულია როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელ დონეზე.“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.   საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ იგივე შეზღუდვები მოქმედებს ნიკარაგუას, ვენესუელასა და ნაურუსთან მიმართებით.





დავით ზალკალიანის განცხადებით, მართალია სირია დღეისთვის არ არის  აშშ-ს ფინანსური მხარდაჭერის ბენეფიციარი, თუმცა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ  აღნიშნულის დაფიქსირება აშშ-ს საკანონმდებლო დონეზე და მისი პრაქტიკული განხორციელება მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია საერთაშორისო საზოგადოებისათვის და კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მტკიცე და ქმედით მხარდაჭერას  უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას „  ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მკაფიო გზავნილი აშშ-ის მხრიდან, რომ ის არ შეეგუება საერთაშორისო სამართლის ისეთი მთავარი ფუნდამენტური პრინციპის დარღვევას, როგორიც გახლავთ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“ - დასძინა  მინისტრმა.



აღსანიშნავია, რომ 2017 და 2018 ფისკალური წლების აშშ-ის ასიგნებების აქტებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ჩანაწერის შესაბამისად, აშშ-ს ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომლის შესახებაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.

ბეჭდვა