პარლამენტის 2018 წლის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართა
პარლამენტის 2018 წლის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართა
09:36 06.09.2018
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა გახსნილად გამოაცხადა და დარბაზში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.



სხდომა, ტრადიციულად, დეპუტატების განცხადებებით დაიწყო.



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი საქართველოში გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტს გამოეხმაურა და მას ისტორიული ვიზიტი უწოდა. დეპუტატმა გერმანიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაზე და ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და საქმიან ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, გერმანიის კანცლერის ვიზიტი ასევე, გამოხატავდა ეკონომიკურ მხარდაჭერას, რამდენადაც კანცლერთან ერთად, დელეგაციაში გერმანიის ბიზნესის წარმომადგენლებიც იყვნენ. მისივე თქმით, გერმანელ და ქართველ ბიზნესმენებს შორის დამყარებული ურთიერთობის შედეგად, მომავალში ერთობლივი პროექტები განხორციელდება.



დეპუტატმა ასევე, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი დაბალპროცენტიანი კრედიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც უმნიშვნელოვანეს პროექტს - მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობას მომხარდება და საქართველოს ენერგოუსაფრთხოების ფაქტორი იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თავის გამოსვლაში საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში წარდგენილ ანგარიშს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა და ოპოზიციის ნაწილმა ანგარიში ისე მიაწოდა საზოგადოებას, თითქოს მასში ნეგატიური შეფასებებია ასახული.



„რაც შეეხება ევროპარლამენტის ოფიციალურ ანგარიშს, მასში ცალსახად პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოში, ბოლო წლებში ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რეფორმები. ასევე, წერია, რომ ქვეყანაში ძლიერდება დემოკრატიული ინსტიტუტები. რეფორმები, რომელიც ამ ხელშეკრულებას უკავშირდება, წარმატებით ხორციელდება. აღნიშნულია ის ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცესთან და საბაზრო ეკონომიკასთან გვაახლოებს. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, როდესაც საქართველოს ინტერესებს ეხება საქმე, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი და ისეთი პოზიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.



აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რამდენიმე ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის - იაპონიასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის ინიცირებაზე. „იაპონია საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობას იძენს. ის საკმაოდ საინტერესო და მზარდი ტენდენციებით გამოირჩევა აგრო-სასურსათო პროდუქტის ექსპორტის თვალსაზრისით“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მან ასევე შეაფასა საინვესტიციო, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული ინიციატივა.



„მნიშვნელოვანია კრიტერიუმები, რათა სწორად მოხდეს ბინადრობის პრაქტიკის რეგულირება. შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაამკაცრონ კონტროლი ამ მიმართულებით და მხარი დაუჭირონ აღნიშნული ინიციატივის პრაქტიკაში დანერგვას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ოთარ დანელიამ კოლეგებს რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, პროცესი მიმდინარეობს შეფერხებისა და სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი სუბსიდირების გარეშე. „ბაზარმა, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, დააკომპენსირა ყველა რისკი, დაარეგულირა ფასები“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.



მან ასევე ისაუბრა აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებაც.



ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ირმა ინაშვილმა კოლეგებს 2004-2012 წლების განმავლობაში საქართველოში არსებული მმართველობის შეფასების შესახებ საქართველოს პატრიოტების მიერ მომზადებული რეზოლუცია შეახსენა, სადაც პოლიტპატიმრებისა და ადამიანთა წამების თაობაზეა საუბარი და მოუწოდა მათ აღნიშნულ რეზოლუციას დაუჭირონ მხარი, რათა დამნაშავეები ჯეროვნად დაისაჯონ.



საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა თავის გამოსვლაში ლარის კურსის ვარდნის შესახებ ისაუბრა და უმრავლესობას გადასახადების შემცირების ინიციატივით მიმართა.



განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა 27 900 აბიტურიენტს სტუდენტობა მიულოცა და წარმატებები უსურვა. კომიტეტის თავმჯდომარემ ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებულ ძირითად სიახლეებზე ისაუბრა:

მისი ინფორმაციით, 17 სექტემბერს, 30 ახალი სკოლა მიიღებს მოსწავლეებს კახეთსა და ქვემო ქართლში, რომელიც აშშ მთავრობისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით აშენდა და აღიჭურვა. მისი თქმით, პირველად, 25 წლის მანძილზე, განათლების სამინისტრო საკუთარი რესურსით ასრულებს 20 ახალი სკოლის მშენებლობას, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიხსნება;

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, I-VI კლასის მოსწავლეებს წელს სრულიად განახლებული და ხარისხობრივად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები ხვდებათ. მისივე განცხადებით, სექტემბრიდან ინგლისური ენის გარდა, მე-5 კლასის მოსწავლეებს ევროპული და აღმოსავლური ენების შესწავლის უფრო ფართო არჩევანი ეძლევათ.



„ახალ ეტაპს ვიწყებთ ინკლუზიურ განათლებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ჩართულობით და განათლების სამინისტროს ხელშეწყობით. სპეც-პედაგოგები ხდებიან მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ნაწილი. ჩვენ გავამარტივეთ მასწავლებლის პროფესიაში შესვლის გზები და სკოლებს უკვე აქვთ უფლება დროებით მოიწვიონ კონკრეტული საგნის სპეციალისტები. ამ ცვლილებით გადაიჭრება სკოლებში კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემა ზუსტ მეცნიერებებსა თუ უცხო ენაში. ხორციელდება მანდატურის სამსახურის რეფორმა, რაც იქნება სკოლის უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი”, -განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი ინფორმაციით, ანგელა მერკელის ვიზიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე. „სექტემბერში, ჩვენ დავასრულებთ მუშაობას პროფესიული განათლების კანონზე, რომელიც საჯარო და კერძო კოლეჯების სისტემას უფრო ეფექტურს გახდის. ⏩პროფესიული განათლების კანონი შექმნის როგორც საქართველო-გერმანიის, ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბაზისს”, -აღნიშნა მარიამ ჯაშმა. ის გამოეხმაურა საქართველოში ევროპული სკოლის გახსნის მნიშვნელობას. „როგორც ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, ეს პროექტი შეიძლება გახდეს რეგიონული თანამშრომლობის სიმბოლო საამაყოა, რომ სწორედ საქართველო გახდა ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, სადაც გაიხსნა მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო სკოლა”, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მან გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა კომიტეტის პრიორიტეტებზე: მაქსიმალურად მეტი ინვესტიცია განათლების სისტემაში.
ბეჭდვა