საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) 100 წლის იუბილის
აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს საიუბილეო კომისიის წევრებმა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი ხელმძღვანელობს.
ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავი 2019 წლის 12 მარტს აღინიშნება. ამ თარიღის აღსანიშნავად, იგეგმება ღონისძიებები, სადაც სრულად იქნება წარმოჩენილი დამფუძნებელი კრების არჩევნების პროცესი, მისი საქმიანობა, მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, დამფუძნებელი კრების მემკვიდრეობა. გამართულ ღონისძიებებში აისახება ქართული პარლამენტის ისტორია და საქმიანობა დღემდე.
სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგით, გათვალისწინებულია დამფუძნებელი კრების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის გადაღება. დამზადდება საიუბილეო მონეტა, დაიბეჭდება ამ თარიღისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკების ბლოკი, ეროვნული ბიბლიოთეკა გამოსცემს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების სხდომების სტენოგრაფიული ანგარიშების ექვსტომეულს. საიუბილეო დღეებში მოეწყობა დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ არსებული გამოცემების გამოფენა. გამოიფინება 1918-1921 წლებში საქართველოში გამოცემული წიგნები, ჟურნალები და გაზეთები, ასევე 1918-1921 წლებში საქართველოში მოღვაწე მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია, სკოლებში მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას სხვადასხვა ოჯახში დაცული და საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობი ფოტოების, პირადი წერილების და სხვა სახის მასალის მოძიების მიზნით. დაგეგმილია კიდევ მრავალი ღონისძიება.
კომისიის წევრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საიუბილეო ღონისძიებების პოლიტიკურ, სამეცნიერო და საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს. საიუბილეო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ კომისიის მუშაობის რეგლამენტზე და ღონისძიებების დაგეგმვის პრინციპზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს კომისიის წევრთა კონკრეტული წინადადებები, რომელთა ელექტრონულ ვერსიას თითოეული წევრი მომავალი კვირის დასაწყისისთვის კომისიის ხელმძღვანელობას მიაწვდის.
პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ კომისიის წევრებს მოუწოდა, რომ დროულად დაიგეგმოს და ჩამოყალიბდეს აქტივობები, რათა პარლამენტმა შესაბამისი სახსრების გამოყოფა შეძლოს. „მნიშვნელოვანია დროულად შევთანხმდეთ იმ აქტივობების ნუსხაზე, რომელთა განხორციელებასაც ვგეგმავთ. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ სწორი დაგეგმარება და საბიუჯეტო თანხების ლოკაცია მოვახდინოთ. მხოლოდ ამის მერე გვექნება ხარჯების განკარგვის საშუალება, რომ შესაბამისი ტენდერები გამოვაცხადოთ და შესყიდვები განვახორციელოთ“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.
