„საქართველოში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უმთავრესი პრიორიტეტია და
სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეა აყვანილი, რაც დადასტურდა 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში გაკეთებული სპეციალური ჩანაწერით“ - ამის შესახებ ევროპარლამენტის შეკვეთით ექსპერტ კატერინა ვოლჩუკის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიში წარდგენილი იქნა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე მომხსენებლების ანგარიშის პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას.
როგორც ექსპერტი საკუთარ ანგარიშში აღნიშნავს, საქართველომ განსაკუთრებული მისწრაფება გამოხატა გააღრმავოს ევროკავშირთან ინტეგრაცია ასოცირების შეთანხმების მიღმა, რაც ევროინტეგრაციის შესახებ საგზაო რუკის შემუშავების დაწყებით გამოიხატა.
„საგზაო რუკა მიზნად ისახავს ასოცირების მიღმა სექტორული ინტეგრაციის გაღრმავებას ევროკავშირთან, მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის „სკრინინგის“ პროცესიის დაწყებას, რაც ევროკავშირთან კიდევ უფრო ამბიციური ინტეგრაციის დაწყების საშუალებას იძლევა“ - ნათქვამია ანგარიშში.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ექსპერტი, ასევე, მიესალმება და აღნიშნავს საქრთველოს მთავრობის ღიაობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული ქმედებების მონიტორინგისა და დაგეგმვის პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობის თვალსაზრისით და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ ღია მმართველობა პრიორიტეტად აქცია.
„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ღია მმართველობაა, რაც არასამთავრობო სექტორთან ინტენსიური დიალოგით და ევროინტეგრაციის პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობით გამოიხატება. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მხოლოდ საქართველოს აქვს გააფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმასთან, რაც არასამთავრობო სექტორს საშუალებას აძლევს გაუწიოს აქტიური მონიტორინგი ასოცირების შეთანხმებით და დრის წესრიგით მიმდინარე რეფორმებს“ - ნათქვამია ექსპერტის ანგარიშში.
ასოცირების შეთანხმებების განხორციელების მონიტორინგი ევროპარლამენტის ახალი ინიციატივაა, რომელსაც ევროპარლამენტი დამოუკიდებლად განახორციელებს. მონიტორინგი შეეხება სამივე ასოცირებული ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) მიერ ასოცირების შეთანხმებების განხორციელების მიმდინარეობას. საქართველოს შემთხვევაში ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშთან დაკავშირებით მომხსენებელია ევროპარლამენტარი ანდრეი მამიკინსი. 30 აგვისტოს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე გაიმართა მამიკინსის მიერ მომზადებული ანგარიშის პირველი მოსმენა. მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში ანგარიშს კენჭს უყრიან ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე, ხოლო მიმდინარე წლის ნოემბერში ანგარიშს კენჭი ეყრება ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
