გაერთიანებულმა ოპოზიციამ დოკუმენტები გაასაჯაროვა, სადაც, სავარაუდოდ, ცენტრალური საარჩევნო
კომისიისა და საოლქო საარჩევნო კომისიების მიმოწერაა.
ვაშაძის განცხადებით, ჩანაწერებიდან ჩანს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები კომისიების წევრებს კანონგარეშე მითითებას აძლევენ.
„საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა მოგვაწოდეს მათ მიერ დაგზავნილი მეილები, სადაც კანონის საწინააღმდეგოდ მითითებას აძლევენ საოლქო საარჩევნო კომისიების ე.წ. დამოუკიდებელ პროფესიული ნიშნით შერჩეულ პირებს. პირდაპირ ეუბნებიან იმ მოთხოვნაზე, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა დააყენეს, რომ გასაუბრება მოხდეს საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული დამოუკიდებელი ნიშნით შესარჩევ წევრებთან. ამ მითითებას აძლევენ, ვციტირებ: „თუ ამას მოითხოვენ სხდომაზე, საერთოდ არ დააყენოთ ეს საკითხი კენჭისყრაზე, კანონი გასაუბრებას არ ითვალისწინებს, თუ ვინმეს ეს მოუნდება სხვაგან გაესაუბრონ“. გვაქვს დოკუმენტაცია, სადაც მესიჯბოქსს აძლევენ ე.წ. დამოუკიდებელ კომისიის წევრებს, რა უნდა უპასუხონ მედიასაშუალებებს. ეს ყოველგვარ ზღვარ სცდება. მინდა მივმართო თამარ ჟვანიას, ის რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის არჩევნების ტოტალური გაყალბების სისტემის ჩამოყალიბება ქვეყანაში“- აღნიშნა ვაშაძემ.
