მამუკა ბახტაძე: ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის კუთხით გერმანიის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს
მამუკა ბახტაძე: ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის კუთხით გერმანიის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს
15:16 24.08.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ძალიან ნიშვნელოვანი მოლაპარაკებები შედგა.

"ძალიან ნიშვნელოვანი მოლაპარაებები გვქონდა, სადაც განვიხილეთ როგორც ორმხრივი თანამშრომლობა, ასევე საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაცია. გერმანია არის ჩვენი ერთგული მხარდამჭერი, ჩვენი მეგობარი ქვეყანა. მსურს, ქალბატონ კანცლერს დიდი მადლობა გადავუხადო, ის მართლაც გახლავთ საქართველოს დიდი გულშემატკივარი. ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან და პრინციპულ საკითხებზე, რომელიც შეეხება რუსეთის აგრესიას, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, იძულებით გადაადგილებულ პირებს, მართლაც რომ კატასტროფულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი გვაქვს. დავსახეთ მიზნები, თუ როგორ უნდა განვამტკიცოთ ეს თანამშრომლობა, როგორ უნდა დავუახლოვოთ საქართველო უფრო მეტად ევროკავშირს"-აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, კანცლერის ვიზიტი ეკონომიკური თავალსარისითაც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. საქართველოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის კუთხით გერმანიის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. ბახტაძის თქმით, სწორედ გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით საქართველოში გაზსაცავი აშენდება, რაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

"გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენს ახალ პოლიტიკაში, რომელიც გულისხმობს საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევას, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას, სასტარტო კაპიტალის რეფორმასა და ბევრ სხვა ინიციატივას.
ვისაუბრეთ რეგიონალურ თანამშრომლობაზე. ძალიან მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც გულისხმობს ენერგოუსაფრთხოებას, დამატებითი რესურსების მიწოდებას ევროკავშირის ბაზარზე. ამასთან ერთად, ვისაუბრეთ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე. მინდა, მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც საქართველოში გაზსაცავი აშენდება. ეს პროექტი საქართველოს კიდევ უფრო მეტ ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ვისაუბრეთ ასევე სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც გულისხმობს სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას. იცით, რომ საქართველოს რკინიგზა და "დოიჩებანი" არის მნიშვნელოვანი პარტნიორები. კარგია, რომ გერმანული კომპანიების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება იზრდება და ამ ძალიან დიდ პროგრესს ჩვენ პოლიტიკურ ურთიერთობებში მივაღწიეთ. აუცილებელია,რომ ამას ეკონომიკური თანამშრომლობაც დავაწიოთ,"-განაცხადა ბახტაძემ.

ბეჭდვა