„მემარჯვენეები" მცირე ბიზნესში დასაქმებული დაზარალებულებისთვის შეღავათებს მოითხოვენ
„მემარჯვენეები" მცირე ბიზნესში დასაქმებული დაზარალებულებისთვის შეღავათებს მოითხოვენ
15:47 22.07.2012
პარტია „ახალი მემარჯვენეები" ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს მიმართავენ და მთავრობისგან სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში მცირე ბიზნესში დასაქმებულების დახმარებასა და მათთვის შეღავათებს ითხოვენ.

ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე დავით გამყრელიძემ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში განაცხადა, სადაც ის პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ფიქრია ჩიხრაძესთან, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიგი იმერლიშვილთან და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად ჩავიდა.

გამყრელიძის თქმით, სტიქიამ ოჯახებთან ერთად, მცირე მეწარმეებიც სერიოზულად აზარალა და მათ დახმარება სჭირდებათ.

„ეს განსაკუთრებით სავაჭრო ობიექტებს ეხება. მათმა მფლობელებმა ზარალი განიცადეს, რადგან დიდი რაოდენობით პროდუქცია გაუნადგურდათ. საგადასახადო ორგანოებმა რომ მათ განადგურებული პროდუქცია რეალიზებულად არ ჩაუთვალოს, აუცილებელია, ჩატარდეს ინვენტარიზაცია, აღირიცხოს ყველაფერი და მცირე მეწარმეებს ეს თანხები ჩამოეწეროთ" - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

მან პრემიერ-მინისტრს სათანადო აქტის გამოცემისკენ მოუწოდა, რომელიც საგადასახადო ორგანოებს დაავალდებულებს, სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში აღნიშნული ღონისძიება განახორციელოს.

ბეჭდვა