პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელ კომისიას შექმნის.
ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიერ საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვა საკმარისი არ არის, რადგან საცხოვრებლების უმრავლესობა შიგნიდანაც დაზიანდა, შესაბამისად, იგი მთლიანად გარემონტდება.
ივანიშვილმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ გარდა 10 მილიონი ლარისა, რომელსაც იგი საბიუჯეტო ანგარიშზე ჩარიცხავს, „ქართული ოცნების“ კომისიის მიერ ზარალის დათვის შემდეგ, დამატებითი თანხებიც გამოიყოფა.
ამასთან, კოალიციის ლიდერის განცხადებით, მის მიერ ხელისუფლებისთვის გადარიცხული თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე მონიტორინგი განახორციელდება.
დღესვე, ივანიშვილთან ერთად, თელავისა და გურჯაანის რაიონების მცხოვრებლებს კოალიცის მაჟორიტარი კანდიდატები გელა სამხარაული და მანანა ბერიკაშვილიც შეხვდნენ.
19 ივლისს ძლიერმა წვიმამ, რომელსაც თან ქარიშხალი და სეტყვა ახლდა, საქართველოს რეგიონები დააზარალა. განსაკუთრებული ზიანი კახეთს, მცხეთა-მთანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს მიადგა.
