ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის
თანამშრომელთა დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აშშ-ის დელეგაციის წევრებს ცესკოს ხელმძღვანელობა შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის მზადების შესახებ ისაუბრეს. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დელეგაციის წევრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. თამარ ჟვანიამ დეტალურად ისაუბრა პრეზიდენტის არჩევნებისთვის განხორციელებული საქმიანობის თაობაზე; მან ასევე გაამახვილა ყურადღება საგანმანათლებლო პროექტების, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციის წევრებთან. მნიშვნელოვანია მათი ინტერესი საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისადმი, საარჩევნო საკითხებისადმი. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ამერიკელ ხალხს, ამერიკის კონგრესის წარმომადგენლებს, რომ წლების განმავლობაში ისინი საარჩევნო პროცესების მხარდაჭერას ახორციელებენ. ის წარმატებები, რაც საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს, შეიძლება ჩაითვალოს რომ არის ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგი", - განაცხადა თამარ ჟვანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საქართველოში კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციის ვიზიტი აშშ-საქართველოს საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამით ხორციელდება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები სხვადასხვა უწყების, მათ შორის მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.
