საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, გერმანიის კანცლერისა და
რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრას ეხმაურება. სუბარის განცხადებით, ის ფაქტი, რომ შეხვედრაზე მხარეებს საქართველოს საკითხი არ განუხილავთ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოების ინტერესმიღმაა. სუბარის თქმითვე, შეხვედრაზე უშუალოდ განხილული იყო ის ცხელი წერტილები, სადაც საომარი მოქმედებები დღესაც მიმდინარეობს.
"საქართველოს საკითხი ყოველთვის დგას საერთაშორისო დღის წესრიგში და პირველ რიგში, როცა საერთაშორისო დღის წესრიგზე ვლაპარაკობთ , მთავარი პარტნიორები არიან აშშ, ევროკავშირი და გერმანია, რომლებიც ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანებია და ჩვენი მართლაც უძველესი მოკავშირე დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი წუთიდან. სწორედ ამ მხარდაჭერის გამოხატულებაა გერმანიის კანცლერის ვიზიტი, რომელიც რამდენიმე დღეში შედგება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. რაც შეეხება შეხვედრას, რომელზეც თქვენ ბრძანეთ, განხილული იყო უშუალოდ ის ცხელი წერტილები სადაც დღესაც მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. საბედნიეროდ, დღეს ეს აქ არ ხდება. თუმცა ქვეყნის დეოკუპაცია არის უმთავრესი ამოცანა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა ჩვენი პარტნიორისთვის"-განაცხადა სოზარ სუბარმა.
