ბახტაძემ შვიდ რეგიონში ახალი გუბერნატორი წარადგინა
ბახტაძემ შვიდ რეგიონში  ახალი გუბერნატორი წარადგინა
11:35 20.08.2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შვიდ რეგიონში ახალი გუბერნატორები წარადგინა. ამის შესახებ პრემიერმა განცხადება დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.

სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის თანამდებობაზე ბახტაძემ  ალექსანდრე მოწერელია დაასახელა, გურიის რეგიონის გუბერნატორად – ზურაბ ნასარაია , სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულად ბესიკ ამირანაშვილი წარადგინა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პოსტზე –შალვა კერესელიძე, ქვემო ქართლში , შოთა რეხვიაშვილი, შიდა ქართლში, გიორგი ხოჯევანიშვილი, ხოლო იმერეთის რწმუნებულად
შავლეგო ტაბატაძე.

მამუკა ბახტაძემ რწმუნებულ-გუბერნატორების პასუხისმგებლობასა და როლზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.


"ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ რეგიონების თანაბარი და ინკლუზიური განვითარება. სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას აქვს უამრავი პრობლემა და მათ გადასაჭრელად ცალკეული პროექტების განხორციელება არ არის საკმარისი.

რწმუნებულებს ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ამოცანაა შევქმნათ კიდევ ერთი მექანიზმი კომუნიკაციისა საზოგადოებასთან.

ჩვენს მიერ შერჩეულ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი კვალიფიკაცია და ენთუზიაზმი მოახმარონ ქვეყანას,"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, ბახტაძემ ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან 26 ივლისს გაათავისუფლა.

თანამდებობები დატოვეს შიდა ქართლის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ. რაც შეეხება გურიის გუბერნატორს, მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.






ბეჭდვა