პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით
სალომე ზურაბიშვილის შეფასებებს განმარტავს. მისი თქმით, ზურაბიშვილის განცხადება ინტერპრეტირების საშუალებას იძლეოდა, ბოლო განმარტება კი ზუსტად ასახავდა პროცესების იმ განვითარებას, რომელიც 2008 წელს იყო.
"იყო პირველი განცხადება, რომელიც ინტერპრეტირების საშუალებას იძლეოდა სხვა მიმართულებით, ამის შემდეგ იყო სხვა გამოსვლები, სადაც სხვა კონკრეტული ინტერპრეტაცია მოვისმინეთ ქალბატონი სალომეს მხრიდან. ვფიქრობთ, ეს ბოლო ინტერპრეტაცია იყო ჩვენთვის მისაღები, რადგან ზუსტად ასახავდა პროცესების იმ განვითარებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს. თუმცა მე არ გავაღრმავებდი ამ თემას, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, ყველა კანდიდატს შეუძლია, თავისი მოსაზრება გამოთქვას, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, 8 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მან 2008 წლის ომის დაწყებაში კვლავ საქართველო დაადანაშაულა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ იცოდა, რომ საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, საერთაშორისო დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა.
