პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს ოზურგეთის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გურიის
რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
როგორც „ნიუსპრესს“ ახალი მემარჯვენეებიდან“ აცნობეს, ოზურგეთის რაიონში „მემარჯვენეებმა“ პარტიის ერთ–ერთი ლიდერი ლევან კალანდაძე წარადგინეს.
„ლევანი „ახალი მემარჯვენეების“ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელია. მისთვის გურია მშობლიური მხარეა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოვლილი აქვს და მოსახლეობასთან შეხვედრები გამართული აქვს თითქმის ყველა სოფელში. აქედან გამომდინარე, მისთვის ოზურგეთი და სოფლის პრობლემატიკა უცხო არ არის. იმედი მაქვს, რომ მისი ცოდნა, უნარები, შესაძლებლობები და რაც მთავარია, გამოცდილება ოზურგეთელი ამომრჩევლების მიერ შესაბამისად შეფასდება“ – განაცხადა დავით გამყრელიძემ.
გურიის დანარჩენ რაიონებში „ახალმა მემარჯვენეებმა“ არჩევანი პარტიის ადგილობრივ ლიდერებზე გააკეთეს.
ჩოხატაურის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გელა ლომინეიშვილი წარადგინეს, რომელიც „ახალი მემარჯვენეების“ ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარეა, ხოლო ლანჩხუთის რაიონში „მემარჯვენეებმა“ ბადრი გვარჯალაძის კანდიდატურა დაასახელეს.
