გიორგი თარგამაძე ალავერდის ტაძართან დაკავშირებით ხელისუფლებას პრევენციული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს
გიორგი თარგამაძე ალავერდის ტაძართან დაკავშირებით ხელისუფლებას პრევენციული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს
12:58 21.07.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე ხელისუფლებას ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით სასწრაფო პრევენციული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ აცნობეს, მოძრაობის ლიდერები ტაძარში არსებულ მდგომარეობას უკვე გაეცნენ.
თარგამაძის განცხადებით, კარგია რომ შექმნილია კომისია, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს, თუმცა საჭიროა აღნიშნულმა კომისიამ დროულად დადოს დასკვნა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს.
„დრო, რომელიც ჰქონდა კომისიას დათმობილი, საკმარისი იყო არა მხოლოდ პროექტის დაწერასა და შემუშავებისთვის, არამედ ამ პროექტის ინპლიმენტაციისთვისაც. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დროულად დაიწყოს ნაპირსამაგრი და სხვა აუცილებელი სამუშაოები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი შეიძლება ყველასთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდეს“ - განაცხადა თარგამაძემ
„ქრისტიან-დემოკრატები“ ასევე, მოითხოვენ, რომ აღნიშნული პრობლემიდან გამოსავალი, ადგილობრივი ეპარქიის წარმომადგენლებთან და მონასტრის ბერმონაზვნებთან თანამშრომლობით გამოინახოს.

ბეჭდვა