საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვარშავის აჯანყების მუზეუმში აგვისტოს ომის 10 წლისთავის
ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. მუზეუმის ეზოში, ქართველ ოფიცერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და სიმბოლურად პატივი მიაგეს 2008 წლის ომში დაღუპულ ქართველთა ხსოვნას.
მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნა გორის ოკუპაციის მუზეუმის ფოტო-ექსპონატები და ქართველ და პოლონელ ფოტოგრაფთა ნამუშევრები. აგრეთვე, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს მიეძღვნა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბარტოშ ჩიხოცკი, სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მალგოჟატა გოშევსკა და ანალიტიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
კონფერენციის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროპულ მომავალზე.
მუზეუმში, აგრეთვე მოეწყო ქართველი რეჟისორის, თაკო რობაქიძის ფილმის ჩვენება “Creeping Borders“. ღონისძიებას ესწრებოდნენ ანალიტიკური წრეების, ქართული დიასპორისა და პოლონური მედიის წარმომადგენლები.
