ბიძინა ივანიშვილი სტიქიის დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ბიუჯეტში 10 მლნ ლარს ჩარიცხავს
ბიძინა ივანიშვილი სტიქიის დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ბიუჯეტში 10 მლნ ლარს ჩარიცხავს
17:51 20.07.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სტიქიის დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, საბიუჯეტო ანგარიშზე 10 მლნ ლარს ჩარიცხავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ივანიშვილის განცხადება ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გააცნო.
„ძალიან განვიცდი იმ უბედურებას, რომელიც სტიქიის შედეგად თავს დაატყდა ჩვენს მოსახლეობას კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში და სხვა რეგიონებში. ასეთ დროს, ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის ვალია ხელი გავუწოდოთ განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანებს. პრეზიდენტი და მთავრობა, რომლებმაც უაზროდ გაფლანგეს ამგვარი ვითარებისთვის შექმნილი 100 მილიონიანი სარეზერვო ფონდები, გეგმავენ მიყენებული ზარალის მხოლოდ ნაწილობრივ კომპენსაციას და სრულად დაკარგული მოსავლისთვის მაქსიმუმ 1 500 ლარის გამოყოფას. ეს მაშინ, როდესაც ყველა ოჯახისთვის სტიქიით მიყენებული ზარალი რამდენჯერმე აღემატება ამ თანხას“ - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.
ივანიშვილის განცხადებით, ყველასთვის კარგად ცნობილი გარემოებების გამო მას არ აქვს შესაძლებლობა პირადად დაეხმაროს სტიქიური უბედურებით დაზარალებულ ათასობით ადამიანს, რადგან მისივე თქმით, ხელისუფლება მედიკამენტების მიწოდებასაც კი, ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაუთვლის.
„ამასთანავე, ხელისუფლებამ მე სრულიად უკანონოდ დამაკისრა ათეულობით მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ და ასევე, უკანონო გზებით ცდილობს სხვისი ქონების ხარჯზე ამ თანხების ამოღებას. შექმნილ ვითარებაში მე მივიღე გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე 10 მილიონ ლარს ვრიცხავ სასამართლოს მიერ მითითებულ საბიუჯეტო ანგარიშზე. სტიქიით მიყენებული ზარალის სრულად დათვლის შემდეგ, სახელმწიფო ბიუჯეტში ამავე მექანიზმის გამოყენებით, გადავრიცხავ იმდენ თანხას, რამდენიც საჭირო გახდება“ - აღნიშნულია ივანიშვილის განცხადებაში.
ასევე, მისი განცხადებით, იმისთვის, რომ მთავრობამ საბიუჯეტო სახსრებით დროული, სამართლიანი და ეფექტური დახმარება აღმოუჩინოს სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, საჭირო იქნება საზოგადოებრივი მონიტორინგის დაწესება თითოეული ოჯახისთვის მიყენებული ზარალის ობიექტურ შეფასებასა და მის დროულ და სრულ ანაზღაურებაზე.

ბეჭდვა