საქართველოს ელჩმა კოლუმბიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს ელჩმა კოლუმბიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
16:06 20.07.2012
კოლუმბიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა კოლუმბიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ხუან მანუელ სანტოსს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას, კოლუმბიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოში გატარებული რეფორმების მნიშვნელობას და სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოსა და კოლუმბიას შორის გაღრმავდეს თანამშრომლობა კულტურის, განათლების, მეცნიერების, სოფლის მეურნეობის და ვაჭრობის მიმართულებით.

ასევე, კოლუმბიის პრეზიდენტმა აღნიშნა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი აკრედიტებულია, როგორც საქართველოს არარეზიდენტი ელჩი ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში, სურინამში, პერუში, ეკვადორსა და კოლუმბიაში.

ბეჭდვა