2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ სახელმწიფო ფინანსები საარჩევნო მიზნით იხარჯება.
ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში - „სახელმწიფო სახსრების საარჩევნო მიზნით ხარჯვა“, რომლის პრეზენტაცია დღეს, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს ხელისუფლებას სახელმწიფო სახრების განკარგვისას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზმა ის სისტემური ხარვეზები აჩვენა, რომლებიც სახელმწიფო ფინანსების საარჩევნო მიზნით ხარჯვას უწყობს ხელს. კერძოდ კი, ბიუჯეტში არ არის ასახული ის დეტალები, რის გამოც გაუგებარია, როგორ იხარჯება გარკვეული თანხა, განსაკუთრებით კი, სარეზერვო ფონდებიდან.
ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ აცხადებენ, რომ კვლევის შედეგად, საარჩევნო მოტივირებული ხარჯვის კონკრეტული შემთხვევებიც გამოვლინდა. საუბარია სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე, რომლის ფარგლებში, 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე, 25 ათასი სტუდენტი წინასწარ შერჩეულ ორგანიზაციაში დასაქმდება და თითოეული მათგანი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის სახით, 500 ლარს მიიღებს.
ორგანიზაციას წინასაარჩევნოდ მოტივირებული ხარჯვის შემთხვევად მიაჩნია სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის პროფესიული განათლების 1000 ლარიანი ვაუჩერის დარიგება, ხანდაზმულობის პენსიის 25%-იანი ზრდა და დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის 100%-ით გაფართოება, გარდა ამისა, „მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების“ დაფინანსების 309%-იანი ზრდა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაწყებული პროექტი „ლიდერი 2012“, რომლის ფარგლებში, სტუდენტები უფასოდ მიჰყავთ ანაკლიაში და ტრენინგებს უტარებენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა 80 ათას სტუდენტზეა გათვლილი და სტუდენტური თვითმმართველობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით ხორციელდება.
„აღნიშნული ინიციატივების ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ადრე დაწყება გვაფიქრებინებს, რომ წინასაარჩევნოდ სახელმწიფო ფინანსური რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება ხდება“ -აღნიშნულია ანგარიშში.
