პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუა აგვისტოს ბოლოს საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ „სკაიპ კონფერენციაზე“ განაცხადა
როგორც მან აღნიშნა, აგვისტოს ბოლომდე იმ საკითხების მოაგვარებას გეგმავს, რაც საქართველოში ჩამოსვლაში ხელს უშლის.
გულუას განცხადებით, აგვისტოს ბოლოს „განახლებული საქართველოსთვის“ ყრილობას გამართავს.
მისი თქმით, ყრილობა 20-25 აგვისტოს დროის მონაკვეთში ჩატარდება. დელეგატები რეგიონებში პარტიის წარმომადგენლობების თავმჯდომარეებს გადაირჩევენ და უკვე აგვისტოს ბოლოსთვის პარტია არჩევნებისთვის მზად იქნება.
მისივე თქმით, აჩევნებში მონაწილეობის თაობაზე ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო და დაახლოებით ათ დღეში პარტია მათ ცესკო-ს წარუდგენს.
გულუამ ონლაინ პრესკონფერენციაზე რამდენიმე პარტიასთან მიმდინარე მოლაპარაკების თაობაზე გააკეთა განცხადება, თუმცა, მან არც პარტიები და არც მოლაპარაკების თემა არ დააკონკრეტა.
„ზოგიერთ პარტიასთან გარკვეული მოლაპარაკებები გვაქვს. შედეგები აგვისტოს ბოლოსთვის გახდება ცნობილი. ჯერჯერობით, უცნობია მიიღებს თუ არა ჩვენს მოლაპარაკებებში მონაწილეობას კოალიცია „ქართული ოცნება“. ვფიქრობ, რომ კოალიციაში ბევრი ცვლილება მოხდება. რაც შეეხება პარტიებს, ჯერჯერობით მათ არ ვარ დავასახელებ“ - დასძინა გულუამ.
