პარტია „ქართული დასი“ პარლამენტში არის ხალხის ხმა და ამ ხმას ვერავინ დაახშობს - ამის შესახებ დღეს „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.
მან დღეს პარლამენტში მუშაობის ანგარიში, საკუთარი ქონებრივი დეკლარაცია, მოქალაქეებთან შეხვედრის სტატისტიკა წარადგინა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ის ლიდერია საკანონმდებლო ორგანოში.
„პარლამენტში შესვლის პერიოდიდან ერთი თეთრითაც ჩემი ქონება არ გაზრდილა და ჩემი ქონებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ერთი ნაბიჯით უკან არ დამიხევია და არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, როდესაც თუნდაც დუმილის ნაცვლად, რაიმე დივიდენდი მიმეღო“ - განაცხადა ბაღათურიამ.
როგორც მან აღნიშნა, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი და დასაყრდენი ხალხია.
„იცით, რომ თქვენი ხმა პარლამენტში არ დაიკარგება. „ქართული დასი“ არის ხალხის ხმა პარლამენტში და ამ ხმას ვერავინ დაახშობს“ - განაცხადა ბაღათურიამ და დასძინა, რომ იბეჭდება ხელშეკრულებები, რომელთაც „ქართული დასი“ მოსახლეობასთან გააფორმებს.
ბაღათურიამ მხარდამჭერებს მოუწოდა, სრული მობილიზება მოახდინონ საარჩევნო ყუთებთან, რადგან მისი შეფასებით, სწორედ მომავალ არჩევნებზე წყდება მოსახლეობის და საქართველოს ბედი.
