დიასპორის მინისტრი სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლებს შეხვდება
დიასპორის მინისტრი სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლებს შეხვდება
18:12 28.02.2012
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია ხვალ სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორც "ნიუსპრესს" მინისტრის აპარატიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრაზე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის, საქართველოში ყოფნის ვადის განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების მოსამზადებლად ბოლო დეტალები განიხილება.

კანონპროექტი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განსაზღვრას და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე თანამემამულის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას ითვალისწინებს.

თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც
საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძველით იმყოფებიან, გარკვეული პრივილეგიები მიენიჭებათ. ისინი შეძლებენ განსაზღვრული ვადით იყვნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ასევე, უფლებამოსილნი იქნებიან სახელმწიფოს დაფინანსებით ზოგადი და უმაღლესი განათლება მიიღონ.

დადგენილების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე 360 დღის ვადით ყოფნის უფლება მიენიჭებათ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სპორტის ამა თუ იმ სახეობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები არიან.

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს 360 დღის ვადით ყოფნის უფლების მინიჭების საკითხს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო განიხილავს.

პარლამენტის მიერ 2011 წლის ნოემბერში მიღებული კანონი "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" 2012 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.


ბეჭდვა