მიხეილ ბატიაშვილი სტიპენდიანტებს: თქვენი თანამონაწილეობა ქვეყნის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესია
მიხეილ ბატიაშვილი სტიპენდიანტებს: თქვენი თანამონაწილეობა ქვეყნის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესია
17:02 27.07.2018
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტებს შეხვდა.

ბატიაშვილი სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულებსა და კურსდამთავრებულებს სამინისტროს ხედვებზე, მათი ინტელექტუალური რესურსის ქვეყნის საზოგადოებრივი და ეკონომიკური განვითარების საქმეში გამოყენების აუცილებლობაზე ესაუბრა.

„უმნიშვნელოვანესია თქვენი თანამონაწილეობა ქვეყნის განვითარების, განათლების რეფორმის, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მიმართულებებით, რადგან სწორედ ასე ვუპასუხებთ მომავლის გამოწვევებს. ჩვენ გვექნება კონკრეტული შემოთავაზებები და მოხარული ვიქნები, თუ თქვენი ცოდნის, გამოცდილების, ახალი იდეების გადმოტანა მოხდება სხვადასხვა სფეროში“- განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრი ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის შექმნასაც მიესალმა და ხაზი გაუსვა მის დიდ როლს სისტემის განვითარებისათვის დაგეგმილი რეფორმების განხორციელების პროცესში.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მიხეილ ბატიაშვილი სტიპენდიანტთა არჩევანით, სამომავლო გეგმებით დაინტერესდა და მათ რეალიზებაში ახალგაზრდებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელი და ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე ესწრებოდნენ.



ბეჭდვა