პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს, ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონიდან „მემარჯვენეების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
„მემარჯვენეების“ ინფრომაციით, ზუგდიდში კენჭს მანანა ნაჭყებია იყრის.
როგორც დავით გამყრელიძემ აღნიშნა, სამეგრელო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია, შესაბამისად, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მაჟორიტარად წარდგენა ხაზს უსვამს იმას, რომ „მემარჯვენეები“ ამ რეგიონზე სერიოზულ გათვლას აკეთებენ.
„მანანა ნაჭყებიასთვის სამეგრელო მშობლიური რეგიონია, ამიტომ, მან ზედმიწევნით კარგად იცის რეგიონის პრობლემები. მითუმეტეს, პარტიიდან ის სამეგრელოს პოლიტიკური კურატორია და უკვე დიდი ხანია რეგიონში მუშაობს. ხვდება მოსახლეობას. პრაქტიკულად მოვლილი აქვს მთელი სამეგრელო და პირველ რიგში ზუგდიდის რაიონი“ - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
აბაშაში პარტიის დეპუტატობის კანდიდატი გელა თოფურია იქნება, რომელიც აბაშის საკრებულოს წევრია. მარტვილში კენჭს შოთა ჩახავა, ხობში - კახა ლატარია იყრის.
ყველა წარდგენილი კანდიდატი პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია.
