საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მთიან ყარაბაღში გამართულ ე.წ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ არ ცნობს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, საგარეო უწყება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თავის ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას ადასტურებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის გაძლიერება, რათა მხარეებმა, კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას მიაღწიონ“- ნათქვამია განცხადებაში.
მთიან ყარაბაღში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები 19 ივლისს ჩატარდა. პროცესს სხვადასხვა სეპარატისტული რეგიონის, მათ შორის, აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.
