შემოდგომიდან ფარმაცევტული მიმართულებით შეღავათები დაწესდება
შემოდგომიდან ფარმაცევტული მიმართულებით შეღავათები დაწესდება
15:01 14.07.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღეს მოსახლეობის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი წამლების შესყიდვაზე მოდის.

ეს განცხადება პრემიერმა პარლამენტში გააკეთა, სადაც დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნო და აღნიშნა, რომ შემოდგომაზე პარლამენტში შევა ახალი ინიცატივა, რომელიც ფარმაცევტული მიმართულებით შეღავათებს დააწესებს.
„ეკონომიკაში არსებობს სექტორები, სადაც ასიმეტრიული რეგულაციები გვქონდა, რამაც უსამართლო თამაშის წესები გამოიწვია. ჩვენი მიზანია ყველა ასეთ სექტორში აღმოვფხვრათ უთანასწორობა.
უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და გავანთავისუფლეთ დღგ-სგან ნატურალური რძე, მათ შორის რძის ის პროდუქტებიც, რომელიც ნატურალური რძისგან დამზადდება. ასევე, ვგეგმავთ ანალოგიური მიდგომის გამოყენებას ბიოწარმოებაზე. შემოდგომაზე კი პარლამენტში შემოვა მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს იგივე მიდგომის გამოყენებას ფარმაცევტულ სექტორში. დღეს ჩვენი მოსახლეობის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ წამლების შესყიდვაზე მოდის და აქედან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველოში ეს სექტორი განვითარდეს, იყოს მაღალი კონკურენცია და შედეგად დაბალი ფასები მივიღოთ“, - განაცხადა ბახტაძემ.

ბეჭდვა