„ნაციონალური მოძრაობა“ ოთხი პრინციპისგან შემდგარ დეკლარაციას მეხუთე პუნქტს ამატებს
„ნაციონალური მოძრაობა“ ოთხი პრინციპისგან შემდგარ დეკლარაციას მეხუთე პუნქტს ამატებს
10:32 20.07.2012
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თანახმაა, მათ მიერ წინა კვირაში პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ოთხი პრინციპისგან შემდგარ ერთობლივ დეკლარაციას მეხუთე პრინციპი დაემატოს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ყველა რეკომენდაციას მოიცავს.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა და ყველა პოლიტიკურ პარტიას აღნიშნული ინიციატივით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დეკლარაცია ამ სახით იქნება წარმოდგენილი - ყველა ხელმომწერი პოლიტიკური პარტია უარს იტყვის - ძალადობაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში, სხვა პარტიის კამპანიისა და აქციების ხელის შეშლაზე; უარს იტყვის ძალადობისკენ მოწოდებაზე და სიძულვილის ენის გამოყენებაზე; ყველა ხელმომწერი პარტია უარს იტყვის ამომრჩევლის მოსყიდვაზე; ყველა ხელმომწერი პარტია მზად იქნება, განუხრელად დაიცვას ცესკოს, არასამთავრობო ორგანიზაციების და უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით; ყველა ხელმომწერი პარტია იღებს პასუხისმგებლობას, ცესკოს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე; ყველა ხელმომწერი პარტია ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზციების მიერ სამართლიანი, კონკურენტული და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესის ხელშეწყობის მიზნით შემოთავაზებულ პრინციპებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ დეკლარაციაში წარმოდგენილი პრინციპები სხვა პოლიტიკური პარტიებისთვისაც მისაღები იქნება.


ბეჭდვა