უკანონო სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ ჯარიმებზე ზედა ზღვარი წესდება.
ამას "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კანონის აქამდე მოქმედი რედაქციით, უკანონო სამედიცინო, საექიმო საქმიანობაზე ჯარიმები ფიქსირებული იყო.
პარლამენტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული სამართალდარღვევისთვის ფიქსირებული ჯარიმა აღარ იქნება და ჯარიმების ზედა ზღვარი დაწესდა - სამედიცინო საქმიანობა სახელმწიფო ნებართვის გარეშე არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით დაისჯება, სამედიცინო საქმიანობა სახელმწიფო ლიცენზიის გარეშე – არაუმეტეს 5 ათასი ლარისა, საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე 1000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ყველა აღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენა, პირველადი ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით დაისჯება.
